Wednesday, March 30, 2011

ჩეჩნეთის პირველი ომი (1994-1996)

ჩეჩნეთის ომი

ჩეჩნეთის პირველი ომი ეწოდება იმ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული ეს კონფლიქტი 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.
რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5,500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14,000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15,000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით - 3,000 უტოლდება. 50,000 - 100,000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200,000 დაიჭრა და 500,000 დევნილად იქცა.
11 დეკემბერს რუსეთის არმიამ დედაქალაქ გროზნოზე შეტევა 3 მხრიდან დაიწყო. ერთ–ერთი ფრონტი კოლონელ–გენერალის, ედუარდ ვორობიოვის მიერ შეჩერებულ იქნა. მან პროტესტი გამოხატა "ჯარის გაგზავნაზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ". მას ბევრმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ფიგურამ მიბაძა. მათ შორის ბორის ელცინის მრჩეველმა - ემილ პაინმა.
ელცინის განზრახვა, გროზნო ბლიცკრიგით აეღო, ამაო გამოდგა. რუსი ჯარისკაცების ჟინი უმდაბლესი იყო. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თუ რისთვის გაგზავნეს ომში.
ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს რუსული კოლონა, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიიწევდა. მათ 30 ჯავშანმანქანა ცეცხლში გახვიეს. 1995 წლის იანვრამდე რუსეთის საარტილერიო და ხალიჩურ დაბომბვებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა.
ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში ბუნკერბსა და სანგრებს თხრიდნენ და გამალებით ემზადებოდნენ თავდაცვისთვის.
29 დეკემბერს ჩეჩენმა მებრძოლებმა უშედეგო იერიში მიიტანეს გროზნოს აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ წერტილზე - ხანკალაზე.
6 აგვისტოს 1,500–მა ჩეჩენმა მებრძოლმა, შამილ ბასაევის, ასლან მასხადოვისა და ჰამზატ გელაევის მეთაურობით დედაქალაქზე იერიში მიიტანა. ამ დროისთვის, ქალაქში 12,000-მდე რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი. ჩეჩნების შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. 19 აგვისტოს რუსეთის მხედარმთავარმა, კონსტანტინ პულიკოვსკიმ ქალაქში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათის განმავლობაში იარაღის დაყრა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. პულიკოვსკის განცხადების შემდეგ, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობა ცდილობდა სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი სანამ რუსეთი მის დაბომბვას დაიწყებდა. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ ლტოლვილთა კოლონების დაბომბვა დაიწყო, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 22 აგვისტოს ულტიმატუმი სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეცვალა, რომლის ინიციატივაც, ბორის ელცინის მრჩევლისგან, ალექსანდრ ლებედისაგან იყო წამოსული. ამ უკანასკნელმა, პულიკოვსკის ულტიმატუმს - "ცუდი ხუმრობაც" კი უწოდა.
1996 წლის 31 აგვისტოს, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ალექსანდრ ლებედსა და ასლან მასხადოვს შორის მიმდინარეობდა, ხასავ–იურტის ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებით დასრულდა. შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებდა:
დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები
ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება
გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში გამეფებული მოროდიორობის აღსაკვეთად.
ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.
ხასავ იურტის შეთანხმებიდან 9 თვის შემდეგ, 1997 წლის 12 მაისს ახლადარჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბორის ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მასხადოვი იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდებოდა, თუმცა ამაოდ. 2 წლის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში, ჩეჩენი მებრძოლები, შამილ ბასაევისა და იბნ ალ-ხატაბის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრნენ. რამაც რუსეთში ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხელ–ფეხი გაუხსნა, რათა მსხვილ მასშტაბიანი კამპანია წამოეწყო ჩეჩნური სეპარატიზმის საბოლოო განადგურებისთვის.

ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღი

კავკასიის რეგიონი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა სხვადასხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესის საგანს და მათი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ბრძოლის ველს. საბჭოთა კავშირსა და ზოგადად რუსეთს ამ რეგიონში ყოველთვის ლიდერის პოზიცია ეჭირა და აქ არსებული პატარა ერების ბედს ხშირად თავისი სურვილისამებრ განაგებდა. სამხრეთ კავკასიის კონტროლირება ყოველთვის წარმოადგენდა რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ხოლო 1992-93 წლებში რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტების ჯაჭვმა, კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის როლი და ყურადღება.
საბჭოთა კავშირის და ზოგადად რუსეთის ძირითადი დასაყრდენი ყოველთვის იყო სამხედრო ძალა, რაც მისი “წარმატების” უმთავრეს გარანტს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხებოდა ეთნიკურ და  სეპარატისტულ კონფლიქტებს. მოდავე ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას რუსეთი ამართლებდა, როგორც არსებული კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთ გზად, თუმცა სინამდვილეში ეს სამხედრო დახმარება და ზოგადად რუსეთის, როგორც მედიატორის როლი, უფრო აღრმავებდა არსებულ კონფლიქტს. ამის საუკეთესო მაგალითად კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი შეიძლება დავასახელოთ.
დღესდღეობით, მთიანი ყარაბაღი არის დე ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავს “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკად” აცხადებს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ეს დე ფაქტო სახელმწიფო, ძალიან ახლოს მდებარეობს სომხეთთან და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ, ასევე მიმოქცევაშია სომხური ფულადი ერთეული – დრამი.
ეთნიკური დაპირისპირება ამ რეგიონში ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის  ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა 1988 წლის 20 თებერვალს მხარი დაუჭირა რეგიონის შეერთებას სომხეთის სსრ-თან. საბჭოთა კავშირის დაშლისპირა მდგომარეობამ კიდევ უფრო გაზარდა სომხური სეპარატისტული მოძრაობის ინტერესი. Human Rights Watch–ის მიხედვით, “სომხეთმა აქტიურად დაიწყო იარაღის, ახალწვეულთა და შსს-ს სამხედრო შენაერთების გაგზავნა ყარაბაღში.” ფართომასშტაბიან ომში ეს კონფლიქტი უკვე 1992 წლის ბოლოს გადაიზარდა. 1993 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიკავეს, საიდანაც აქტიურად დაიწყეს აზერბაიჯანული მოსახლეობის განდევნა. ამ ომს ორივე მხრიდან 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამასთან ათასობით ადამიანი იქნა გადასახლებული საკუთარი სახლიდან (სტატისტიკური მონაცემებით 700 000 აზერბაიჯანული და 250 000 სომეხი დევნილად იქნა გამოცხადებული ამ კონფლიქტის შედეგად).

საერთაშორისო კონფლიქტი

საერთაშორისო ურთიერთობათა გამწვავების უკიდურესი ფორმა, რასაც ზოგჯერ შეიარაღებული შეტაკება მოჰყვება. ს.კ-ის წინაპირობაა პოლიტიკური კრიზისი მხარეებს შორის, რაც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას და ერთმანეთს უპირისპირებს როგორც პოლიტიკურ ელიტებს, ისე მასებსაც. თუმცა ყველა კრიზისი კონფლიქტში არ გადაიზრდება. საერთაშორისო ურთიერთობების წარმოდგენა კონფლიქტების გარეშე უტოპია იქნებოდა, მაგრამ მათი შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა საერთაშორისო ურთიერერთობების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. კონფლიქტების რეგულირების ტრადიციული ფორმებია შეკავება (იხ. შეკავების პოლიტიკა) და ძალთა წონასწორობა. ს.კ-ების ძირითადი სახეებია ტერიტორიული, რესურსული, ეთნიკური, ეკოლოგიური, იდეოლოგიური კონფლიქტები, რომლებიც უმთავრეს შემთხვევებში პოლიტიკური კონფლიქტის სახით ვლინდება, თუმცა არც თუ იშვითია მათი გამოვლენა ეკონომიკური და კულტურული კონფლიქტების ფორმითაც. ს.კ. შეიძლება მოხდეს ორი ან მეტი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მეტროპოლიის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებით. ნიშანდობლივია საომარ მოქმედებათა შეზღუდული მასშტაბი და შედარებითი ხანმოკლეობა. ს.კ-ის მხარეები მოვალენი არიან თავიანთ მოქმედებაში დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმების მოთხოვნა - ომის კანონები და ჩვეულებები. დამატებითი ოქმით დაცულია კულტურული ფასეულობები, აკრძალულია თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობის სასიცოცხლო ობიექტებზე (სახნავ მიწებზე, სასმელი წყლისა და ირიგაციულ სისტემებზე და სხვ.), აგრეთვე ისეთ ნაგებობებზე (წყალსაცავები, დამბები, ატომური ელექტროსადგურები და სხვ.), რომელთა ნგრევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. განსაკუთრებული დაცვის ობიექტები არიან ქალები და ბავშვები, დაჭრილები და ავადმყოფები, სამედიცინო პერსონალი და სანიტარული სატრანსპორტო საშუალებანი. განსაზღვრულია აგრესიის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია.