მთიანი ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღი

კავკასიის რეგიონი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა სხვადასხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესის საგანს და მათი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ბრძოლის ველს. საბჭოთა კავშირსა და ზოგადად რუსეთს ამ რეგიონში ყოველთვის ლიდერის პოზიცია ეჭირა და აქ არსებული პატარა ერების ბედს ხშირად თავისი სურვილისამებრ განაგებდა. სამხრეთ კავკასიის კონტროლირება ყოველთვის წარმოადგენდა რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ხოლო 1992-93 წლებში რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტების ჯაჭვმა, კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის როლი და ყურადღება.
საბჭოთა კავშირის და ზოგადად რუსეთის ძირითადი დასაყრდენი ყოველთვის იყო სამხედრო ძალა, რაც მისი “წარმატების” უმთავრეს გარანტს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხებოდა ეთნიკურ და  სეპარატისტულ კონფლიქტებს. მოდავე ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას რუსეთი ამართლებდა, როგორც არსებული კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთ გზად, თუმცა სინამდვილეში ეს სამხედრო დახმარება და ზოგადად რუსეთის, როგორც მედიატორის როლი, უფრო აღრმავებდა არსებულ კონფლიქტს. ამის საუკეთესო მაგალითად კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი შეიძლება დავასახელოთ.
დღესდღეობით, მთიანი ყარაბაღი არის დე ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავს “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკად” აცხადებს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ეს დე ფაქტო სახელმწიფო, ძალიან ახლოს მდებარეობს სომხეთთან და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ, ასევე მიმოქცევაშია სომხური ფულადი ერთეული – დრამი.
ეთნიკური დაპირისპირება ამ რეგიონში ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის  ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა 1988 წლის 20 თებერვალს მხარი დაუჭირა რეგიონის შეერთებას სომხეთის სსრ-თან. საბჭოთა კავშირის დაშლისპირა მდგომარეობამ კიდევ უფრო გაზარდა სომხური სეპარატისტული მოძრაობის ინტერესი. Human Rights Watch–ის მიხედვით, “სომხეთმა აქტიურად დაიწყო იარაღის, ახალწვეულთა და შსს-ს სამხედრო შენაერთების გაგზავნა ყარაბაღში.” ფართომასშტაბიან ომში ეს კონფლიქტი უკვე 1992 წლის ბოლოს გადაიზარდა. 1993 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიკავეს, საიდანაც აქტიურად დაიწყეს აზერბაიჯანული მოსახლეობის განდევნა. ამ ომს ორივე მხრიდან 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამასთან ათასობით ადამიანი იქნა გადასახლებული საკუთარი სახლიდან (სტატისტიკური მონაცემებით 700 000 აზერბაიჯანული და 250 000 სომეხი დევნილად იქნა გამოცხადებული ამ კონფლიქტის შედეგად).