სამაჩაბლო

სამაჩაბლო, ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთის ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად მაჩაბელთა გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები (სხვა თვალსაზრისით,ანჩაბაძეები). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV საუკუნეში მაჩაბელთა მეგებრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო XVII დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.
IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი, როგორც ქართლის სამეფოს ნაწილი, დასახლებული იყო მხოლოდ ქრისტიანი ქართველებით. სხვა მოსაზრებისაა ოსი არქეოლოგები . ძათიათი და . ტეხოვი. ეს უკანასკნელი არ უარყოფს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი შედიოდა ქართლის სამეფოში და დასახლებული იყო ქრისტიანი ქართველებით. მაგრამ ზემოთ ნახსენებ არქეოლოგიურ ძეგლებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნივთიერი მასალის საფუძველზე, რომლებიც ასევე დამახასიათებელია იმავდროული ალანური კულტურისთვის, . ტეხოვი ვარაუდობს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის ძირითად მასასთან ერთად, საკმაოდ რაოდენობით წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსული ირანულენოვანი ეთნიკური ელემენტიც, ანუ ხალხები, რომელთა პირდაპირ შთამომავლებად, გვიანდელი წერილობითი წყაროების თანახმად, ითვლებიან დღევანდელი ოსები.